
07 ოქტ 2026
ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით ბოლო შეხვედრა გამართა. ფეხბურთელის სანაკრებო კარიერის დასასრული ბენინის წინააღმდეგ შედგა — მატჩში, რომელიც არგენტინამ 3:0 მოიგო.
მესიმ გამოსამშვიდობებელი საღამო კიდევ ერთხელ საკუთარი ხელწერით გააფორმა — არგენტინის კაპიტანმა გოლი გაიტანა და თანაგუნდელს საგოლე გადაცემაც გაუკეთა.
სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო იყო. გულშემატკივრები მესის სახელის სკანდირებდნენ და ხანგრძლივი ოვაციებით აცილებდნენ.
არგენტინული ფეხბურთისთვის ეს მხოლოდ ერთი ფეხბურთელის გაცილება არ არის. ეს არის ეპოქის დასასრული.
მატჩის დასასრულს მან გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა:
"დღეს განსაკუთრებულად ემოციური დღეა, მაგრამ პირველი ადამიანი, ვისზეც ვფიქრობ, მამაჩემია.
ამ მაისურისთვის მხოლოდ მადლობის თქმა დამრჩენია.
20 წლის განმავლობაში, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, არასდროს შემიწყვეტია ბრძოლა, ბოლომდე დახარჯვა და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ყოველთვის აქ, ამ მაისურით ვყოფილიყავი.
არგენტინის ნაკრებთან ერთად აქ ვეღარ დაბრუნება ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი იქნება… სიმართლე გითხრათ, მთელი ცხოვრება აქ ყოფნა მინდა.
არგენტინის ნაკრებში თამაში ყველაზე ლამაზი რამ არის, რაც კი არსებობს.
ჩემთვის დიდი პატივი იყო ყველა ჩემს თანაგუნდელთან ერთად მოედანზე თამაში და მოედნის მიღმაც ცხოვრების გაზიარება.
მოედანზე ყოველთვის იმ რწმენით გავდიოდით, რომ ნებისმიერ გუნდთან შეგვეძლო ბრძოლა.
რადგან ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით მებრძოლი ბიჭები იდგნენ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს დატოვებდნენ.
ალბათ ბევრი რამ მავიწყდება, რისი თქმაც მინდა, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან რთული მომენტია… ძალიან მომენატრება აქ თამაში.
არგენტინის სხვადასხვა ქალაქში თამაშის შესაძლებლობა მქონდა და ყველგან წარმოუდგენელი სიყვარულით მხვდებოდნენ.
მადლიერი ვარ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, სადაც არ უნდა გვეთამაშა, სტადიონი ყოველთვის არგენტინელი გულშემატკივრებით იყო სავსე.
მატჩის მნიშვნელობის მიუხედავად, ისინი უდიდეს ძალისხმევას იჩენდნენ, რომ ჩვენთან ყოფილიყვნენ. ვიცით, რამდენად რთულია ეს… მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს საკუთარ სახლში ვთამაშობდით. ჩვენ ამ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით.
მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არგენტინის ნაკრების წარუმატებლობის ხილვა სურს…
ჩვენ ერთიანები უნდა დავრჩეთ და მათ ეს სიამოვნება არ უნდა მივანიჭოთ.
როცა ერთად ვიკრიბებით და ერთიანები ვართ, ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე ძლიერები ვართ.
რთული მომენტები აუცილებლად იქნება. ის, რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ, ჩვეულებრივი ამბავი არ არის.
ასეთ რთულ პერიოდებში კი, როგორც გულშემატკივრებმა, მათზე მეტად უნდა ვიზრუნოთ და მხარი დავუჭიროთ. დიდი მიზნების მისაღწევად ძლიერი და ერთიანი გუნდი გჭირდება.
იმაზე მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე ოდესმე, რადგან, სიმართლე გითხრათ, არ მინდა აქედან წასვლა.
ყველა მიყვარხართ და ძალიან მომენატრებით.
ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ არგენტინელად გამაჩინა. ძალიან ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ და რომ ეს ოცნება თქვენთან ერთად ავისრულე."
ლიონელ მესის სანაკრებო კარიერა:
- 🏟️ 208 მატჩი
- ⚽ 126 გოლი
- 🎯 67 საგოლე გადაცემა
- 🏆 1 მსოფლიო ჩემპიონატი
- 🏆 1 ფინალისიმა
- 🏆 2 კოპა ამერიკა