
ინგლისმა ესპანეთის 43-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა
ინგლისმა ესპანეთი მადრიდში დაამარცხა და მეტოქის 43-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა
უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის A3 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში ესპანეთი დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა. თომას ტუხელის გუნდმა მეტოქესთან სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ფეხბურთელის გაძევების შემდეგ მასპინძლების ძლიერი ზეწოლის გაძლება მოუხდა.
შეხვედრა "მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა. ინგლისელები პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდნენ - 4 ჰარი კეინმა პენალტი ზუსტად შეასრულა და სტუმრები შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ნახევარში ინგლისელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. 53-ე წუთზე დეკლან რაისის კუთხურიდან ეზრი კონსამ თავური დარტყმით გაიტანა, 57-ე წუთზე კი ბენ უაითმა ჯუდ ბელინგემის გადაცემით ანგარიში 3:0 გახადა.
თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა 63-ე წუთზე შეხვედრის სცენარი რადიკალურად შეიცვალა. ჯარელ კუანსას შეცდომის შემდეგ ლამინ იამალი ინგლისელთა საჯარიმოში შეიჭრა, ელიოტ ანდერსონმა კი ის წესების დარღვევით შეაჩერა. მსაჯმა ინგლისელ ნახევარმცველს წითელი ბარათი უჩვენა და ესპანეთის სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც მიკელ ოიარსაბალმა გამოიყენა.
რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ ინგლისს მასპინძლების შეტევების შეჩერება გაუჭირდა. 75-ე წუთზე ლამინ იამალის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ნიკო უილიამსმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახადა.
ამის შემდეგ ესპანელები მთელი ძალებით უტევდნენ. ლამინ იამალსა და ნიკო უილიამსს გათანაბრების რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ინგლისის მეკარე ჯეიმს ტრაფორდმა არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი მოიგერია. განსაკუთრებით აღსანიშნავი მისი ბოლო წუთების სეივი იყო, როდესაც აიმერიკ ლაპორტეს დარტყმას გაუმკლავდა.
საბოლოოდ, ინგლისმა დარჩენილი დრო გაუძლო, 3:2 გაიმარჯვა და მადრიდიდან უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით დაბრუნდა.
ამ შედეგით ინგლისმა ჯგუფში 15 ქულა დააგროვა და უკეთესი ბურთების სხვაობით პირველი ადგილი დაიკავა. ესპანეთმაც 15 ქულით დაასრულა ჯგუფური ეტაპი, თუმცა მეორე პოზიციას დასჯერდა. ორივე ნაკრები ერთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.
გარდა ამისა, ინგლისელებმა ესპანეთის 43-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს — "ფურია როხა“ ბოლოს 2024 წლის მარტში, კოლუმბიასთან დამარცხდა. თომას ტუხელისთვის კი ეს გამარჯვება ინგლისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი გახდა.