რაფა ნადალი მადრიდის „რეალის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება
04 ნოე 2026

რაფა ნადალი მადრიდის „რეალის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება

ლეგენდარული ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი მადრიდის "რეალის" დირექტორთა საბჭოს შეუერთდება.

„სამეფო კლუბის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის თანხმობით მიიღეს.

ნადალმა შეთავაზება მიიღო და მადრიდისტებს სპეციალური განცხადებითაც მიმართა. ესპანელმა ჩოგბურთელმა მადლობა გადაუხადა ფლორენტინო პერესსა და დირექტორთა საბჭოს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ახალ პასუხისმგებლობას დიდი ენთუზიაზმითა და კლუბისთვის მაქსიმუმის გაკეთების სურვილით ხვდება.

"მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და დირექტორთა საბჭოს შეთავაზებისთვის, გავხდე მადრიდის "რეალის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

ეს შეთავაზება დიდი ენთუზიაზმით, სწავლის სურვილითა და მზადყოფნით მივიღე, რომ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო კლუბისთვის“, - განაცხადა რაფაელ ნადალმა.

რაფა ნადალი, რომელსაც მადრიდის „რეალის“ მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არაერთხელ გამოუხატავს, ამიერიდან საყვარელი კლუბის საქმიანობაში უკვე ოფიციალურ როლს შეასრულებს.

USN