პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, კრიშტიანუ რონალდომ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 41 წლის თავდამსხმელმა გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური ვიდეომიმართვით გაასაჯაროვა, რითაც პორტუგალიის ნაკრებში 23-წლიანი ისტორია დაასრულა.
კრიშტიანუ რონალდომ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2003 წლის აგვისტოში, ყაზახეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შეასრულა. 23 წლის განმავლობაში მან ნაკრების მაისურით 234 მატჩი ჩაატარა და 146 გოლი გაიტანა, რითაც სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რეკორდსმენი გახდა.
რონალდოს სანაკრებო კარიერის უმთავრესი მიღწევა 2016 წელს ევროპის ჩემპიონობის მოპოვებაა. გარდა ამისა, პორტუგალიელ ფეხბურთელთან ერთად ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მოგება ორჯერ - 2019 და 2025 წლებში შეძლო.
კრიშტიანუ რონალდოს ვიდეომიმართვა პორტუგალიელ ხალხს:
"პორტუგალიელ ხალხს,
დადგა დღე, როდესაც უნდა დავაბრუნო ეროვნული ნაკრების მაისური და კაპიტნის სამკლავური, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის.
არასოდეს მიმაჩნდა, რომ ეს მხოლოდ ჩემი იყო, თუმცა 23 წლის განმავლობაში მქონდა პატივი და პასუხისმგებლობა, მეტარებინა, დამეცვა და მსოფლიოს სხვადასხვა სტადიონზე თან მეტარებინა.
დღეს დადგა დრო, ეს ყველაფერი მომავალ თაობას გადავცე.
ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, რადგან ზოგი გადაწყვეტილება მხოლოდ გონებით არ მიიღება. მასში გულიც მონაწილეობს.
ვასრულებ გზას, რომელიც 2003 წლის აგვისტოში დაიწყო და ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
ეროვნულ ნაკრებში გატარებული მთელი კარიერის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობების ზღვარს გავცდენოდი. მინდოდა გამარჯვება, მინდოდა საუკეთესო ვყოფილიყავი, მინდოდა ისტორია დამეწერა.
საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მომთხოვნი ვიყავი. ყოველთვის მეტი მინდოდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ უფრო შორს წასვლა შეგვეძლო და ამ მაისურისთვის ყველაფერი გავიღე.
იყო იდეალური შუადღეები და ღამეები. იყო გამარჯვებები, რომლებსაც არასოდეს დავივიწყებ. იყო მარცხები, რომელთა გახსენებაც დღესაც მტკივნეულია.
მეც დავმარცხებულვარ. მეც განმიცდია ტკივილი. ყოფილა მომენტები, როდესაც პორტუგალიელ ხალხს ვერ მივეცი ის, რაც ასე ძალიან სურდათ. მაგრამ არასოდეს დავნებებულვარ.
და რაც მთავარია, არასოდეს შემიწყვეტია სიამაყის განცდა იმის გამო, რომ პორტუგალიას წარმოვადგენდი.
ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ძალიან მარტივი რამ ვისწავლე: გოლები მოდიან და მიდიან, თასები მუზეუმებში ხვდება, რეკორდები ადრე თუ გვიან იხსნება, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც დრო ვერასდროს წაშლის.
ადგილი, რომელიც ადამიანების გულებში მიჭირავს.
თუ ოდესმე გაგახარეთ, თუ ჩემმა რომელიმე გოლმა ვინმე ჩაგახუტათ, საზრუნავი დაგავიწყათ ან ჩვენი ქვეყნით სიამაყის გრძნობა მოგანიჭათ, მაშინ ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა.
რადგან პორტუგალიელობა სწორედ ამასაც ნიშნავს. ერთად ვიტანჯებით. ერთად ვდგებით ფეხზე. კვლავ ერთად ვიჯერებთ.
ჩემს ნაკრების თანაგუნდელებს განსაკუთრებული გზავნილის დატოვება მინდა.
მადლობა ყოველი გარბენისთვის, ყოველი ჩახუტებისთვის, ყოველი კამათისთვის, მოედანზე გასვლამდე ერთად გატარებული ყოველი ჩუმი მომენტისთვის, ყოველი გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად ვიზეიმეთ, და ყოველი მარცხისთვის, რომელმაც უფრო ძლიერები გაგვხადა.
მქონდა პრივილეგია, ვყოფილიყავი თქვენი კაპიტანი, მაგრამ არცერთი კაპიტანი არ დადის მარტო — და თითოეული თქვენგანი ჩემი ისტორიის ნაწილია.
…და პორტუგალიელ ხალხს, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ თითოეულ პორტუგალიელს, მინდა ერთი ბოლო რამ ვუთხრა.
არსებობს ერთი სურათი, რომელიც ყოველთვის ჩემთან დარჩება. მომენტი, როდესაც ეროვნული ჰიმნი იწყება. გარშემო ვიყურები. ვხედავ ჩემს თანაგუნდელებს. ვხედავ ტრიბუნებს.
ვხედავ ბავშვებს, დედებს, მამებსა და ბებია-ბაბუებს. ვხედავ პორტუგალიელებს, რომლებმაც შორიდან იმოგზაურეს მხოლოდ იმისთვის, რომ იქ ყოფილიყვნენ.
და ამ მომენტებში ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებულები აღარ ვართ.
არ არსებობს კლუბები. არ არსებობს ფერები. არ არსებობს სოციალური ფენები. არ არსებობს პროფესიები. არ არსებობს განსხვავებული შეხედულებები.
არსებობს მხოლოდ ერთი ვნება - პორტუგალია.
ეს არის გრძნობა, რომელსაც მთელი ცხოვრება თან წავიღებ.
დღეს ჩემი სანაკრებო კარიერა მოედანზე დასასრულს უახლოვდება.
მაღლა აწეული თავით მივდივარ, ამაყი განვლილი გზით და იმ ცოდნით, რომ პორტუგალიისთვის ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო.
მაგრამ არასდროს შევწყვეტ ვიყო ერთ-ერთი თქვენგანი.
კვლავ განვიცდი, კვლავ ვიგრძნობ მღელვარებას და კვლავ ვიზეიმებ პორტუგალიის ყოველ გამარჯვებას — ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი.
მთელი ცხოვრება ვშრომობდი იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი.
დღეს კი ვხვდები, რომ ჩემი უდიდესი გამარჯვება მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნის სახელით თამაშის პატივის მოპოვება იყო.
მადლობა ამ 23 წლისთვის. მადლობა, რომ ჩემი გჯეროდათ.
მადლობა, რომ მომეცით საშუალება, ამეხდინა ოცნება, რომელიც მადეირაში, ჯერ კიდევ პატარა ბიჭობისას, ბურთის დევნით დაიწყო.
ნომერი 7-ის მაისური რჩება, მაგრამ მისი ტარებით მოპოვებული სიამაყე სამუდამოდ ჩემი იქნება.
პორტუგალია ყოველთვის იქნება ჩემი ნაწილი. სამუდამოდ."
კრიშტიანუ რონალდო ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა. 2026 წლის მუნდიალი მისთვის ბოლო აღმოჩნდა - პორტუგალია მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ რონალდო საკლუბო კარიერას ამ ეტაპზე არ ასრულებს და საუდის არაბეთის "ალ-ნასრის“ ღირსებას კვლავ იცავს.
კრიშტიანუ რონალდო პორტუგალიის ნაკრებს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირისა და რეკორდსმენის სტატუსით ტოვებს.